ბრიტანული მედია- ბრიტანეთი სირიაზე იერიშისთვის მზადაა
ბრიტანული მედია- ბრიტანეთი სირიაზე იერიშისთვის მზადაა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება სირიაზე იერიშისთვის ემზადება. „ტელეგრაფის“ ცნობით, პრემიერ -მინისტრმა ტერეზა მეიმ 12 აპრილს გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ბრიტანული წყალქვეშა ნავები სირიას სარაკეტო დარტყმის განხორციელებისთვის საჭირო მანძილზე მიუახლოვდნენ.

ამავე გამოცემის ცნობით, სარაკეტო დარტყმა, შესაძლოა, დღეს საღამოს განხორციელდეს.

„თაიმსი“ წერს, რომ კვიპროსზე დისლოცირებული ბრიტანული გამანადგურებლები ასევე სრულ მზადყოფნაში არიან. ანონიმური წყაროს ცნობით, ამჟამად კუნძულზე მდებარე საავიაციო ბაზაზე 8 ბრიტანული გამანადგურებელი იმყოფება. მოიერიშეები ფრთოსანი რაკეტებით არიან აღჭურვილი, რომელთა გამოყენებაც ხმელეთზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არის შესაძლებელი.

ტელეკომპანია „ბიბისის” ცნობით, ტერეზა მეი მზადაა სირიაზე სამხედრო დარტყმის განხორციელების გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის გარეშეც მიიღოს. დღეს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის ინიციატივით სირიის საკითხზე მთავრობის საგანგებო სხდომა იმართება.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სირიის ქალაქ დუმაზე ქიმიური შეტევა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა განახორციელა. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. 7 აპრილს ქალაქ დუმაში მომწამვლელი ნივთიერების გაშვებას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.