ბრიტანეთმა რვაფეხები და კიბორჩხალები ოფიციალურად აღიარა მგრძნობიარე არსებებად — #1tvმეცნიერება
ბრიტანეთმა რვაფეხები და კიბორჩხალები ოფიციალურად აღიარა მგრძნობიარე არსებებად — #1tvმეცნიერება

გაერთიანებულმა სამეფომ რვაფეხები და კიბორჩხალები ოფიციალურად აღიარა გრძნობად არსებებად, რითაც კანონმდებლობა საბოლოოდ შეუსაბამა ამ გონიერ არსებათა შესახებ კარგად დადგენილ სამეცნიერო ცნობებს.

„მეცნიერება უკვე აშკარად მიუთითებს, რომ ათფეხა კიბორჩხალები და თავფეხიანები შეიგრძნობენ ტკივილს და შესაბამისად, მართებულია, რომ ისინი ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი კანონმდებლობით დავიცვათ“, — წერს განცხადებაში გაერთიანებული სამეფოს ცხოველთა კეთილდღეობის მინისტრი, ლორდ ზაკ გოლდსმიტი.

ბრიტანეთის ცხოველთა კეთილდღეობის კანონი ყველა ხერხემლიან ცხოველს იცავს, ბაყაყიდან დაწყებული, ძაღლით დამთავრებული. ათფეხიანები და თავფეხიანები სიას მას შემდეგ ემატება, რაც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლამ 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიმოიხილა.

თავფეხიანები, მაგალითად, კალმარები და რვაფეხები, ისევე როგორც ათფეხიანები (მოიცავს კიბორჩხალებს და ომარებს) ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობით უკვე დაცულია ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ნორვეგიაში, შვედეთსა და ავსტრიაში.

„გრძნობადობა არის უნარი, გქონდეს შეგრძნებები, მაგალითად, ტკივილის, სიამოვნების, შიმშილის, წყურვილის, სითბოს, მხიარულების, კომფორტის და აღელვების შეგრძნებები“, — განმარტავენ მკვლევრები მოხსენებაში.

მკვლევრებმა ამ უხერხემლოებში შეაფასეს გრძნობადობის ექვსი საზომი, მათ შორის სწავლის უნარი, ტკივილის რეცეპტორების არსებობა და მათი კავშირი თავის ტვინთან, ტკივილგამაყუჩებლებისადმი პასუხი და ქცევები, რომლებსაც ტრავმებისგან თავის დასაცავად წარმოაჩენენ.

„კიბოსნაირები და თავფეხიანები სამყაროს ჩვენგან გაცილებით სხვანაირად შეიგრძნობენ, მაგრამ მთავარი ის არის, აქვთ თუ არა მათ სიამოვნებისა და ტკივილის შეგრძნება. გვჯერა, რომ საკმარისია მტკიცებულებები, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს ცხოველები სიამოვნებასა და ტკივილს გრძნობენ“, — წერია მოხსენებაში.

ეს საოცარი ცხოველები ასეთ უნარებს კომპლექსური ცენტრალური ნერვული სისტემის წყალობით ავლენენ, მიუხედავად იმისა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს მათი ზოგიერთი თვისება, მაგალითად, რვაფეხას „მკლავი-ტვინები“.

თავფეხიანები აშკარად აჩვენებენ გასაოცარ გონებრივ შესაძლებლობებს. მაგალითად, მელნთევზს შეუძლია ბავშვებისთვის განკუთვნილი ტესტების ჩაბარება, რვაფეხებს კი შეუძლიათ ინდივიდუალურ ადამიანთა ცნობა, წარსულში უკვე შეხვედრილ თავსატეხთა ამოხსნის დამახსოვრება, ამავე დროს, არიან გაქცევის ოსტატებიც.

გარდა ამისა, ისინი ემოციურად გრძნობენ ტკივილს და როდესაც სტიმულებს მოკლებულ გარემოში ემწყვდევიან, ზუსტად ჩვენს მსგავსად იწყენენ. შესაძლოა, ისინი სიზმრებსაც ხედავდნენ.

მართალია, რვაფეხების მსგავსად სახელგანთქმულნი არ არიან, მაგრამ ასოციაციების გზით სწავლის უნარი კიბორჩხალებმაც აჩვენეს. შეუძლიათ რთულ ლაბირინთებში ნავიგაციის სწავლა და იმის დამახსოვრებაც, რომ ყალბი თოლია სატყუარაა. შეიგრძნობენ ტკივილსაც, მისი თავიდან აცილებისთვის ავლენენ დამცველობით და სწავლით ქცევებს, სტანჯავთ ჭარბი ხმაურით გამოწვეული სტრესი.

მოხსენების სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.