ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს

მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს და დიალოგის გზას დაუბრუნდეს.

„სერგეი ლავროვთან ერთად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც აღვნიშნე, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს და დიპლომატიის გზას დაადგეს, მაგრამ ნატო ძალიან მკაფიოა, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული, იქნება სერიოზული შედეგები რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. თუ იქნება შეჭრა, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს, ეს იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უმკაცრეს სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მკაფიოდ თქვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ გაგრძელდება. დღეს მე აქ ვარ, რათა ვისაუბროთ ალტერნატიულ გზაზე, რომლის არჩევაც რუსეთს შეუძლია“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოებას არავინ ემუქრება და ეს სრული სიმართლეა, უკრაინას კი სრული უფლება აქვს, დაიცვას თავი, სურდეს გაწევრიანება ალიანსებში, რათა უკეთესად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის ესმით, თუმცა ვერ იგებენ.

„ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარია, ომი იქნას თავიდან აცილებული და სწორედ ამისთვისაა აქ ჩამოსული. მე შემიძლია, განვჭვრიტო მთელი ეს დრამა, რომელსაც დასავლეთი ავითარებს და ცდილობს, შექმნას მისგან ტრაგედია, თუმცა კი, ეს ყველაფერი ჰგავს კომედიას, რადგან ცოტა ხანში დასავლეთი გაიგებს, რომ დამთავრდა რუსეთ-ბელარუსის წვრთნები და რუსი ჯარისკაცები დაბრუნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.