ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს მოუწოდებს, დონბასში რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს მოუწოდებს, დონბასში რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი მოსკოვს მოუწოდებს, დონბასში რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აღიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ჰანტმა განცხადება ავიაკატასტროფის მეოთხე წლისთავზე გააკეთა.

„მსურს მივუსამძიმრო მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ასეთ საშინელ და შოკისმომგვრელ გარემოებებში მოკლული თქვენი ახლობლები სამართლიანობას იმსახურებენ“, -ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.

„ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ჩვენ ვიცით, რომ MH17 ჩამოაგდეს „ბუკის“ ტიპის რუსული რაკეტით, რომელიც რუსეთის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღებაში იყო და რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჰანტის თქმით, MH17-ის კატასტროფა არის რუსეთის მხრიდან, ადამიანის სიცოცხლისადმი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისადმი უპატივცემულობის მორიგი მაგალითი. მინისტრის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. ჯერემი ჰანტმა დიდი ბრიტანეთის სახელით ავსტრალიასა და ნიდერლანდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ტრაგედიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთს პასუხისმგბელობის აღიარებისკენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ევროკავშირმა მოუწოდეს.

კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.