ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონზე მაღლა არავინ დგას, ჯულიან ასანჟი გმირი არ არის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი აცხადებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და ჯულიან ასანჟი გმირი არ არის. ჯერემი ჰანტის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი წლების განმავლობაში მართლმსაჯულებას ემალებოდა.
„დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. ჯულიან ასანჟი გმირი არ არის. ის წლების განმავლობაში მართლმსაჯულებას ემალებოდა და სწორია, რომ მისი მომავალი უნდა გადაწყვიტოს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემამ“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
ამასთან, ჯერემი ჰანტმა აღნიშნა, რომ ასანჟის ბრალეულობა ან უდანაშაულობა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
„ჩვენ არ გამოგვაქვს განაჩენი ჯულიან ასანჟის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თუმცა მიუღებელი ის არის, რომ ვიღაც მართლმსაჯულებას გაურბის და ამას ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკეთებს. სწორედ ამიტომ, ის გმირი არ არის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯერემი ჰანტის თქმით, ეკვადორის პრეზიდენტმა ჯულიან ასანჟის დიდი ბრიტანეთის პოლიციისთვის გადაცემას სწორი გადაწყვეტილება უწოდა. ბრიტანელი მინისტრის თქმით, ეკვადორის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემისგან დამოუკიდებლად მიიღო.
ბრიტანეთის პოლიციამ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს დააკავა. ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს თავშესაფარი ჩამოართვა.
ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს შვიდი წლის განმავლობაში აფარებდა თავს.