ედვარდ სნოუდენი აშშ-ის პრეზიდენტს ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს
ედვარდ სნოუდენი აშშ-ის პრეზიდენტს ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„ბატონო პრეზიდენტო, თუკი თქვენ მხოლოდ შეწყალების ერთ ქმედებას განახორციელებთ თქვენს თანამდებობაზე ყოფნის დროს, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ჯულიან ასანჟი. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა სნოუდენმა.

ჯულიან ასანჟი ცნობილი ვებგვერდის „ვიკილიქსის“ დამფუძნებელია. ვებგვერდი წლების განმავლობაში აქვეყნებდა სხვადასხვა სახის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას, საჯარო პირების პირად მიმოწერასა და სხვა სახის ინფორმაციას. ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. ის აშშ-ში ჯაშუშობის კანონის დარღვევაში და 2010-2011 წლებში მთავრობის კომპიუტერებიდან მოპარული საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციის გამოქვეყნებაშია ბრალდებული. ჯულიან ასანჟს სექსუალური ძალადობის ბრალდებაც ჰქონდა წაყენებული.