ბრიტანეთის საელჩო გუდაურში საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გუდაურში საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ინსტრუქტორი კლინიკაში გადაიყვანეს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.