შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, რომელიმე საელჩომ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა უკანონო
შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, რომელიმე საელჩომ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა უკანონო

ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე „უკანონო დაკავებები“, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩოებსა და დონორებს მოუწოდებს, „იმის ნაცვლად, რომ თავს დაესხნენ საქართველოს პოლიციას, ნახონ ვიდეოები და აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი „ენჯეოები“, მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად“.

რაც შეეხება ექვს ადამიანს, ვინც დააკავეს, ვნახეთ ვიდეოჩანაწერები, ეს არიან ადამიანები, ვინც უშუალოდ ძალადობდნენ ან აზიანებდნენ ქონებას. ეს არ იყო უბრალოდ ქონების დაზიანება. ხდებოდა სათვალთვალო კამერების დაზიანება. მიზანი იყო, რომ შემდეგ მათი დანაშაული დაფარულიყო და არ აღბეჭდილიყო მათი ძალადობა. ამ ექვსიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა. ასე რომ, ვულოცავ აქციის მონაწილეებს, რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე. ეს ცალკე საკითხია, ალბათ უნდა ჩავეძიოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას და იყო მოძალადე. ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას, რომელსაც შეუერთდნენ რუსი მოქალაქეები. ეს იყო უმძიმესი თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. ვწუხვარ, რომ დღემდე არცერთმა საელჩომ ეს ძალადობა არ დაგმო.

ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე „უკანონო დაკავებები“, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას. გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და მოწოდებები, მაგრამ არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ. ეს შეცდომები დაუშვეს 2019 წლის 20 ივნისს, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზებული მართლმსაჯულება, 19 აპრილის შეთანხმებაში თავს მოგვახვიეს და ჩაგვაწერინეს ამნისტია და რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, თურმე ეს ყოფილა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. მათი ჩარევებით მოხდა მართლმსაჯულებაში ჩარევა. ნახეთ მარტის აქციების დროს და სხვა დროსაც, რომ საელჩოები რატომღაც ჩქარობენ. ისინი განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, რადგან მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან ამ ძალადობრივი აქციების მონაწილეები და აქციების ძალადობის ფაზაში გადამყვანები. გაიხსენეთ, ვინ მოუწოდებდა სცენიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტის ბლოკირება მომხდარიყო, რაც კანონდარღვევაა. ამ ბლოკირებას შემდეგ პოლიციასთან კონტაქტი რომ მოჰყვება, ეს ხომ გათვლადი იყო „ენჯეობის“ წარმომადგენლებისთვის. ამიტომ საელჩოებსა და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხნენ საქართველოს პოლიციას და უკანონო დაკავებაზე ისაუბრონ, ჩახედონ ვიდეოებს და აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი „ენჯეოები“ და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.