ბრიტანეთის ოფშორული ზონები კორუმპირებული რუსი ოლიგარქების სახელებს გაამჟღავნებენ
ბრიტანეთი აპირებს გაამხილოს იმ კორუმპირებული რუსი ოლიგარქების სახელები, რომლებიც ფულს ბრიტანეთის ოფშორულ ტერიტორიებზე ინახავენ. შესაბამისი კანონპროექტი ბრიტანელმა კანონმდებლებმა უკვე შეიმუშავეს და კენჭს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უყრიან. ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი „ტაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულები, რომლებიც ოფშორული საგადასახდო სამოთხეების რეპუტაციით არის ცნობილი, აქამდე უარს ამბობდნენ გაემჟღავნებინათ იმ ადამიანების სახელები, ვინც ქონებასა და ფინანსებს მათ იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე ფლობდნენ ან აბანდებდნენ.
ახალი კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კონსპირაცია ხელს უწყობს ფულის გათეთრებასა და მასთან დაკავშირებულ კრიმინალს.
გასულ თვეში დიდ ბრიტანეთში რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების მიმართ ზომებს გაამკაცრებდა. ბრიტანელი პარლამენტარების ნაწილი, მათ შორის მეის მოწინააღმდეგე კონსერვატორები, ასევე ლეიბორისტი და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მეის პირობის შესრულებას სთხოვენ. ამ მოსაზრებით, პარლამენტარებს სურთ, ცნობილი გახდეს ბრიტანეთის იურისდიქციაში არსებული ყველა ოფშორული ხვრელი, სადაც რუსი ოლიგარქები შავ კაპიტალს ინახავენ.
მეის ოპონენტი კონსერვატორის, ენდრიუ მიტჩელის განცხადებით, მან უკვე მოიპოვა თემთა პალატიდან 19 კონსერვატორის თანხმობა, რაც ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ მიმართული კანონპორექტის მიღებისთვის სავსებით საკმარისი იქნება.
„ტაიმსის“ ინფორმაციით, კანონპროექტის კენჭისყრა თემთა პალატაში 2 მაისს არის დანიშნული.
ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით, 2013 წელს ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა წამოიწყო ე.წ. საგადასახდო სამოთხეების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მოქმედ ე.წ. შუამავალ კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება, გაემჟღავნებინათ მათი ბენეფიციარი მფლობელების სახელები. თუმცა კემერონმა ვერ შეძლო იგივე კანონი გაევრცელებინა ბრიტანეთის კუნძულებზეც, რომლებიც ერთ-ერთ პოპულარულ ოფშორულ ზონებად ითვლება მთელს მსოფლიოში.
დღეს პარლამენტარები კემერონის რეფორმის დასრულებას და ბრიტანეთის ოფშორულ კუნძულებზე ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას ითხოვენ.
25 აპრილს რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა, მათ შორის გუბერნატორებმა, დეპუტატებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, ოფშორულ ზონებში მილიარდობით რუსული რუბლი გაიტანეს. თუმცა კონკრეტული ჩინოვნიკები უწყებას არ დაუსახელებია.
2017 წელს საერთაშორისო ჟურნალისტთა კონსორციუმმა გამოაქვეყნა ე.წ. სამოთხის დოკუმენტები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების და მათთან დაკავშირებული ადამიანების ოფშორულ ზონებში არსებულ კაპიტალზე. ბრიტანეთის ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულები იმ ოფშორულ ზონებს შორის სახელდება, სადაც ჩინოვნიკები რუსი ოლიგარქების ჩათვლით კრიმინალურ კაპიტალს ინახავენ.
აღნიშნულ დოკუმენტებში 120 ცნობილი ადამიანია შესული, მათ შორის ფიგურირებს რუსი ოლიგარქების სახელებიც, როგორიცაა ლეონიდ მიხელსონი, ოლეგ დერიპასკა, იური მილნერი და სხვები.