Reuters - აშშ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
Reuters - აშშ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ვაშინგტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის გამო, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციები სავარაუდოდ დღეს, 5 აპრილს გამოცხადდება. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ახალი ზომები ბოლო წლებში რუსეთის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იქნება. სანქციები სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვასა და მთავრობასთან დაახლოებულ პირებს შეეხებათ.

ახალი ზომები “ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედდება. დოკუმენტს დონალდ ტრამპმა 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი და მასში საქართველოზეც არის საუბარი.

აღნიშნული კანონის ფარგლებში, 30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. სიაში რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თითქმის მთელი შემადგენლობა და უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები მოხვდნენ.

15 მარტს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის 19 მოქალაქესა და ხუთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. მანამდე აშშ-ის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ რუსი ოლიგარქებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებდა.