ბრიტანეთის დაზვერვა - მელიტოპოლზე უკრაინის კონტრშეტევის მოგერიების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში თავდაცვის სამი ხაზი მოაწყვეს
მელიტოპოლზე უკრაინის კონტრშეტევის მოგერიების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში, 120-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ თავდაცვის სამი ხაზი მოაწყვეს, – ამის შესახებ მედია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მოხსენების თანახმად, თავდაცვის ხაზები ნაკლებად სასარგებლო იქნება რუსეთისთვის საკმარისი ჯარისა და საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალები განაგრძობდნენ თავდაცვის დიდი ხაზების მოწყობას ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაა.
თავდაცვის პირველი ხაზი მოწინავე საბრძოლო პოზიციებისთვის არის განკუთვნილი და კიდევ ორი ზონა თითქმის უწყვეტი, უფრო რთული ბარიერებით. თავდაცვის ხაზები განლაგებულია ფრონტის ხაზის უკან, დაახლოებით 10-20 კილომეტრში.