ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს
გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თარგმანს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ“-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა. ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა: „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.
„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. „გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.
„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.
„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. „გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას „გრუ“-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“,- აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა მიკრობლოგ „ტვიტერში“.
„ბრიტანეთი, საქართველო და საერთაშორისო პარტნიორები, გასულ წელს საქართველოზე განხორციელებულ სერიოზულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვას აკისრებენ“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.