ბრიტანეთი „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას სთხოვს
ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ბრიუსელს თხოვნით მიმართავს, გაფორმდეს გაერთიანებულ სამეფოსთან ასოცირების შეთანხმება, რაც ასევე ითვალისწინებს ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ამის შესახებ ნათქვამია „ბრექსითის“ სამოქმედო გეგმაში, რომლის პროექტიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ლონდონი ევროკავშირისგან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ორგანიზაციის ყველა სააგენტოს წევრად დარჩენასაც ითხოვს.
„ბრექსითის“ ასეთი გეგმის გამო, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა „ბრექსითის“ საკითხებში მინისტრმა, დევიდ დევისმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. გეგმაში წერია, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაშიც კი ლონდონი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს და ორგანიზაციის მიერ დადგენილ პროდუქციის სტანდარტებს.
ტერეზა მეის მთავრობის მიერ შეთავაზებული გეგმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შორის რეგულარულ დიალოგს ითვალისწინებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბრექსითის“ შემდგომი საიმიგრაციო წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შემოდგომაზე უნდა გახდეს ცნობილი.