ბრიტანელი მეცნიერები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებისთვის მოხალისეებს ეძებენ
ბრიტანელი მეცნიერები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებებისთვის მოხალისეებს ეძებენ, ადამიანებზე ფართომასშტაბიანი ტესტირება სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ლონდონის იმპერიულ კოლეჯში, სადაც პროფესორები ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, ცხოველებზე ტესტირება თებერვლიდან მიმდინარეობს.
„კოვიდ-19“-ის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ცხოველებზე ტესტირებაში დადებითი შედეგები უკვე მიღებულია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრი, პროფესორი რობინ შეთოქი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნა სხვა გრიპებთან შედარებით მარტივი იქნება, რადგან ის ყოველწლიურად არ იცვლება და ამიტომ ვაქცინის შემუშავების დიდი შესაძლებლობა არსებობს.
ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების ფარგლებში კი, ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება 23 აპრილიდან დაიწყება.