საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორს, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიჯიტ ბრინკმა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა.
მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მრავალი წლის განმავლობაში.
„ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაცია მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორს, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრადიციულად მტკიცე ურთიერთობები არსებობს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრინკმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი სამი თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი თბილისში გასულის წლის ივლისში.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ისაუბრა 2018 წლის საბიუჯეტო კანონში საქართველოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე მნიშვნელოვან ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის მხრიდან იზღუდება იმ მთავრობების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს აღიარებენ.
„საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია – რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
ამასთან, მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ძალისხმევას, იპოვოს წინ მიმავალი გზა და მიაჩნია, რომ მხოლოდ კომუნიკაციის, დიალოგის გაგრძელების გზით შეძლებს საქართველო ორივე რეგიონის ხალხებთან კონტაქტების გაძლიერებას“, – აღნიშნა ბრინკმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ აშშ აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს.
მისი განცხადებით, აშშ მზადაა, გააღრმაოს საქართველოსთან ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ორი ათწლეულია აშშ მუშაობს როგორც ორმხრივად, ისე ნატო-ს პარტნიორებთან, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა ბრინკმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს გარდა არავის შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება“, – განაცხადა ბრინკმა.
მისი შეფასებით, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით.
ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების პოლიტიკის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა დააფიქსირა.
„საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დასავლეთში ინტეგრაციისკენაა ორიენტირებული. საქართველო ლიდერია დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. აშშ მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეა ფოკუსირებული და საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც მთელ რიგ ნაბიჯებს ითვალისწინებს განათლების სისტემის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების, საგადასახადო სისტემის გამარტივებისა და სასამართლო რეფორმების გატარების მიმართულებით“, – განაცხადა ბრინკმა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, ამერიკის კვლევითი ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, ასევე ღონისძიების ორგანიზატორები საქართველო-ამერიკის ასოციაცია, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და სხვა.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.