ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 21 აგვისტოს კლიმოვსკის რაიონში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა აღკვეთეს
ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 21 აგვისტოს კლიმოვსკის რაიონში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა აღკვეთეს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელი უკრაინის საზღვართან ბრძოლების შესახებ იუწყება. ალექსანდრ ბოგომაზის ცნობით, 21 აგვისტოს უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა შეღწევა სცადა ბრიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონში. მისივე ინფორმაციით, ეს მცდელობა ბრძოლის შედეგად აღკვეთეს.

„ამჟამად შეტაკების ადგილზე ვითარება სტაბილურია და რეგიონული ოპერატიული შტაბის კონტროლქვეშაა“, – განაცხადა ბოგომაზმა.

კლიმოვსკის რაიონი უკრაინის საზღვრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ტელგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა შესვლა სცადეს რუსეთის ტერიტორიაზე, კლიმოვსკის რაიონში, ზაბრამას დასახლებაში. ამჟამად კლიმოვსკის რაიონში შესვლა ბლოკსაგუშაგოებით არის შეზღუდული.

უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის არმია შევიდა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. მას შემდეგ იქ ბრძოლები გრძელდება. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ათობით დასახლებულ პუნქტსა და დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე „ბუფერული ზონის“ შექმნაა. უახლესი მონაცემებით, რომელსაც „ტასი“ სამედიცინო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 143 ადამიანი დაშავდა. 79 დაჭრილი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოებშია გადაყვანილი.