ბრაზილიაში პანტანალის ნაკრძალი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნის ნაკრძალში, რომელიც თავისი ნესტიანი ტერიტორიებით არის ცნობილი, ცეცხლმა უკვე 50 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, პანტანალის ნაკრძალში ხანძარი 25 ოქტომბერს გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბების ხანძარი რეგიონში აქამდე არასდროს ყოფილა.
გუბერნატორის განმარტებით, მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სწორედ ამიტომ, მთელი რეგიონის მასშტაბით, გუბერნატორმა ცეცხლის საშუალებით მიწის გაწმენდაზე 30-დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარე პანტანალის ნაკრძალი ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიაზეც ვრცელდება. ის ნესტიან ტერიტორიას წარმოადგენს და ამ სახის ლანდშაფტებს შორის მსოფლიოში უდიდესია. პანტანალის ტბორების 80 პროცენტი წვიმიანი სეზონის დროს ივსება და ისინი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მიზეზების გამო, პანტანალის ნაკრძალი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
2019 წელს ბრაზილიაში დიდი რაოდენობით ტყის ხანძარი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 167 ათასს აჭარბებს.