ბრალდებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე - თანამდებობით ბოროტად არ მისარგებლია, ყველაფერი გაირკვევა
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას თანამდებობა ბოროტად არასდროს გამოუყენებია.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ყველაფერი გაირკვევა. ერთი წამი, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია, რომ თანამდებობით მესარგებლა. ასე არ მომხდარა და არც მოხდებოდა. მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო, ეს ქონება გაყიდულიყო და როგორც კი მსურველი გამოჩნდა, ყველას გავაგებინე.
ორჯერ იყო მანამდე ეს ობიექტი გამოტანილი. ეს საჭიროებს დეტალურ შესწავლას. მე ბიზნესმენი ვარ. შეიძლება, რაღაც მომენტში სხვანაირი საუბარი წარვმართე. საკრებულოს თავმჯდომარე ერთი წელია რაც ვარ, მანამდე ბიზნესმენი ვიყავი. ზეგავლენა არავისზე მომიხდენია და არც მოვახდენ. არსად მივიმალები. მე აბსოლუტურად შემიძლია ვთქვა და გავამყარო, თუკი ამისი შანსი მაქვს, ბატონი ადვოკატების მოსაზრება, რომ არ და ვერ მოვახდენ ზემოქმედებას ვერავისზე“,- განაცხადა ბრალდებულმა.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.