ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა, დაიკითხა ორი მოწმე. საუბარია „მწვანე სკოლის“ სასწავლო ნაწილსა და პედაგოგზე.
პროკურორი ლევან ქუთათელაძე განმარტავს, რომ მოწმეებმა გარდაცვლილი ლუკა სირაძე დაახასიათეს, მათ ასევე ისაუბრეს განყოფილებაში მისი დაკითხვის დეტალებზე და აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით, დაკითხვა მიმდინარეობდა ბრალდებულის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ პედაგოგები არ ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა ლუკა სირაძის დაკითხვა. ამასთან, ადვოკატის თქმით, პროკურატურამ დღემდე ვერ წარმოადგინა მოწმეები, რომლების ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდნენ.
„დღეს გაგრძელდა ბრალდების მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ დღემდე მარიანა ჩოლოიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმიდან, არც ერთი არ საუბრობს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე. ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული იქნა სასამართლოში, ეს არის მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაცია“,- განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
„მოწმეებმა ისაუბრეს გარდაცვლილ ლუკა სირაძის პიროვნების შესახებ და დაახასიათეს დადებითად. ასევე, მათ ისაუბრეს პოლიციაში განვითარებულ მოვლენებზე, როგოც ირიბმა მოწმეებმა და დაადასტურეს, რომ განყოფილებაში განხორცილედა არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ასევე, აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს სკოლის მოხატვასთან დაკავშირებით გარკვეული შეხვედრა. მათი ინფორმაციით, შეხვედრა მოხდა ერთი მხრივ პოლიციელების, მეორე მხრივ სკოლის წარმომადგენლებისა და ასევე არასრულწლოვნების მონაწილეობით, მათი კანონიერი წარმომადგენლების გარეშე. მტკიცებულებები ცალსახად დაადასტურებენ, რომ მარიანა ჩოლოიანის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ჩვენების იძულების ორი ეპიზოდი“, – განაცხადა პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.