ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.