ბორჯომში დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი იხსნება
ბორჯომში დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი იხსნება

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა  მე-2 საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში დღეს იხსნება.

კონკურსი, რომელსაც ბორჯომი 20-დან 25 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს, ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 6 დან 25 წლამდე 49 პიანისტი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან .

საზეიმო გახსნა და ჟიურის წევრების კონცერტი დღეს გაიმართება.

ხვალ მაყურებელს ბექა გოჩიაშვილთან შეხვედრა ელოდება.

ფესტივალი 24 ივნისს გიგი პიანომენს უმასპინძლებს, 25 ივნისს კი საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კონკურსზე სოლიდური ფულადი პრემიები და სხვადასხვა სპეციალური პრიზები გაიცემა.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

წელს ჟიურის წევრები არიან ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ბოსტონის ნიუ-ინგლანდის კონსერვატორიის პროფესორი ალექსანდრე კორსანტია, ჩაიკოვსკის და კლივლენდის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, გამოჩენილი პიანისტი ალექსანდრე გინდინი და კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი თამარ ლიჩელი.