„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება
„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება

„ბორჯომის“ ქარხნის წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა ხვალ შედგება. შეხვედრა პროფკავშირების მონაწილეობით გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანიასთან ერთად, ადასტურებს მრეწველობისა და ვაჭრობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი.

ასევე პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ კომპანია „ბორჯომის“ იურისტი მერაბ ახმეტელი კომპანიის დირექტორად ინიშნება.

„თხუთმეტი წუთის წინ ვესაუბრე მერაბ ახმეტელს. მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ის ინიშნება კომპანიის დირექტორად. მერაბ ახმეტელი ხვალ შეხვდება გაფიცულ თანამშრომლებს. შეხვედრა იქნება პროფკავშირების მონაწილეობით. ველოდებით ხვალინდელ დღეს. იმედი გვაქვს, რომ ბევრ საკითხზე მოხდება პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.

საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ.