კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულები აქციას მართავენ
კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულები აქციას მართავენ

კომპანია „IDS ბორჯომში“ დასაქმებულები აქციას მართავენ. ისინი მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებს აპროტესტებენ. მათი თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ახალ რეალობაზეა მორგებული და არ არსებობს გარანტია, რომ ძველ ანაზღაურებას დაუბრუნდებიან.

კერძოდ, როგორც დასაქმებულები განმარტავენ, ახალ კონტრაქტში იძულებით განაცდური დღეები ნაცვლად 100%-ისა, ანაზღაურდება 50%-ით, ზეგანაკვეთური სამუშაო 140%-ის ნაცვლად – 125%-ით.  მათივე თქმით, აღარ არსებობს პრემიალური სისტემა.

დასაქმებულები მზად არიან, ახალ კონტრაქტებს მოაწერონ ხელი მხოლოდ იმ დათქმით, რომ ქარხნის ამუშავებასთან ერთად, ძველი პირობები დაბრუნდება. აქციის მონაწილეები ამ დეტალებზე სასაუბროდ მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, კომპანიაში დასაქმებულები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრასაც, რათა დეტალურად გაიგონ, რა ხდება „ბორჯომთან“ დაკავშირებით.

შეგახსენებთ, სანქციების გამო, „IDS ბორჯომმა“ წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა“. 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

დატოვე კომენტარი