ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფლებში – მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი – ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.
ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. “ლენტური ტიპის” სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.