ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, საიდანაც ძირითადად ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეების გამოტანა მოხდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზია საწინააღმდეგო და ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკვე განხორციელდა. ოქტომბრის თვის დასაწყისში კი დარგვის სამუშაოები დაიწყება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი.
„მხოლოდ შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. დარგვა მეტყევე-სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება.
ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება“,- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.