ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა.
„პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჯონსონმა.
ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ ადგილზე.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.