ბოლო მონაცემებით, Facebook-ზე ჰაკერული თავდასხმის დროს ჰაკერებმა 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა
სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჰაკერული თავდასხმის დროს ჰაკერებმა 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშზე, ტელეფონის ნომრებსა და პირად საფოსტო მისამართებზე მოიპოვეს წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის პირად ანგარიშებზე მოიპოვეს წვდომა.
არსებული ინფორმაციით, 30 მილიონი მომხმარებლიდან 14 მილიონის შემთხვევაში, ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სქესი, ადგილები, სადაც კონკრეტული მომხმარებელი იმყოფებოდა, ასევე ინფორმაცია პირადი ურთიერთობების სტატუსის შესახებ.
გარდა ამისა, კიდევ 15 მილიონი მომხმარებლის პირადი სატელეფონო ბაზა გახდა ხელმისაწვდომი ჰაკერებისთვის, ხოლო დარჩენილ ერთ მილიონ მომხმარებელს საკუთარ „ფეისბუქ“ ანგარიშთან წვდომა ჰქონდა შეზღუდული.
Facebook-მა გამოაქვეყნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გადაამოწმოს, მოხდა თუ არა კიბერთავდასხმა მის ანგარიშზე და თუ ჰაკერების მსხვერპლი გახდა, მოცემულია ინსტრუქცია, როგორ უნდა შეიტყოს, რა სახის ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში თავდამსხმელს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქმეს FBI იძიებს. ამასთან, Facebook-ის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა მომხმარებელი, რომელთა ანგარიშები ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა, უახლოეს დღეებში მიიღებს სპეციალურ შეტყობინებას, რითაც კიბერთავდასხმის შესახებ ეცნობება.
ეს კომპანიის ისტორიაში, Facebook-ზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმაა.