ახალი კვლევის მიხედვით, გასული 50 წლის განმავლობაში, ზრდასრული მეთაფლია ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით შემცირდა.
ფუტკრების ევროპული წითელი ნუსხა მიუთითებს, რომ გარეული ფუტკრების ყოველი ათი სახეობიდან ერთი გადაშენების წინაშეა. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია გვექნებოდა, საქმე რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის განახევრებას ეხებოდეს. ამის ეკვივალენტი ის იქნებოდა, რომ საშუალო ბრიტანელი ქალი 82 წლის ნაცვლად 41 წელიწადს იცოცხლებდა.
ჩვენი მომავალი ფუტკრებთანაა გადაჯაჭვული. ფუტკრებისა და ყვავილების დამამტვერიანებელი სხვა მწერების გარეშე ვერ მოვიყვანდით იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უმეტესობას, რომლებზეც საკვების მხრივ ვართ დამოკიდებული.
ამ კვლევამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ დაიხოცა ფუტკრების ძალიან ბევრი კოლონია გასულ ათწლეულებში მთელ მსოფლიოში. ფუტკრების სიკვდილიანობა განსაკუთრებით მწვავე იყო აშშ-ში 2006-2007 წლების ზამთარში, როდესაც ზოგიერთმა კომერციულმა მეფუტკრემ კოლონიების 90 პროცენტი დაკარგა.
ფუტკრების კოლონიების სიკვდილიანობის აუხსნელი მაღალი მაჩვენებელი ასევე დაფიქსირდა კანადაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ფინეთსა და პოლონეთში. 2012-2013 წლების ცივ ზამთარში, გაერთიანებულ სამეფოში გაწყდა მეთაფლია ფუტკრების კოლონიათა 29 პროცენტი.
50-წლიანი მონაცემები
კვლევის ავტორებმა, მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ენტონი ნირმანმა და დენის ფონ ენგელსდროპმა მათემატიკური მოდელირების გამოყენებით აჩვენეს, რომ ფუტკრების სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა შეიძლება კოლონიის მასობრივ ამოხოცვას იწვევდეს.
მათი კვლევის მიხედვით, 1969 წლიდან დღემდე, მეთაფლია ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა აშშ-ში საშუალო 34 დღიდან 18 დღემდე შემცირდა.
ავტორებმა სკებიდან ამოყვანილი და გალიებში გამოკეტილი მუშა ფუტკრები შეისწავლეს და არა გარეული ფუტკრები, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიღებულ შედეგებზე. თუ ასე არაა, რაღაც შემაშფოთებელი ნამდვილად ხდება.
მკვლევართა აზრით, თანამედროვე მეთაფლია ფუტკრებს შეიძლება ტანჯავდეთ მრავალი სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, ფრთების დეფორმირების ვირუსი, რომელიც პირველად 40 წლის წინ აღმოაჩინეს და მას შემდეგ სულ უფრო გავრცელდა მისი გადამტანის, ტკიპა Varroa destructor-ის გლობალური გავრცელების გამო.
თანამედროვე ფუტკრებს შეიძლება ასუსტებდეთ ახალი თაობის პესტიციდები, რომლებიც 50 წლის წინ არ არსებობდა.
ხშირად, ყვავილის ის მტვერი, რომლითაც ფუტკრები საკუთარ ჭუპრებს (ლავრა) კვებავენ, პესტიციდებით არის დაბინძურებული. ეს კი საქმეს უფრო აუარესებს, რადგან ახალი თაობის პესტიციდების ჯგუფის, სახელად ნეონიკოტინოიდების მცირე დოზის ზემოქმედებაც კი, ამცირებს ფუტკრების გამძლეობას დაავადებებისადმი.
ავტორების მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი ახსნის მიხედვით, შეიძლება, ფუტკრების გენები შეიცვალა. მეთაფლია ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა მათ გენებთან არის დაკავშირებული. ხელოვნურმა თუ ნატურალურმა სელექციამ ფუტკრებს შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა შეუმციროს.
ასეთ რამეს მეცნიერები სხვა სახეობებში ხედავენ. მაგალითად, ვირთევზა ახლა უფრო ადრე აღწევს მომწიფების ასაკს და ზომაში უფრო პატარები არიან, რადგან გადაჭარბებული თევზაობის გამო, ისინი იშვიათად ცოცხლობენ იმდენ ხანს, რომ დიდები გაიზარდონ.
თანამედროვე მსოფლიოს სტრესული ფაქტორების, მაგალითად პესტიციდებისა და დაავადებების გამო, მეთაფლია ფუტკრები ალბათ იშვიათად ცოცხლობენ დიდხანს. შესაბამისად, მათი ევოლუცია შეიძლება „იცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა“ ცხოვრების სტილის სასარგებლოდ გადაიხარა.
ყველას პრობლემა
გადარჩენისათვის, ფუტკრები უკვე მრავალი წნეხის წინაშე დგანან. 2022 წლის ნოემბერში ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სასუქები მცენარეთა ელექტრულ ველს ცვლიან, რაც ასევე ცვლის ფუტკრების მიერ ყვავილების აღქმას. ეს მათ ყვავილებთან სტუმრობაში უშლის ხელს.
ფუტკრების ჰაბიტატი ქრება. 1930-იანი წლებიდან დღემდე, ბრიტანეთში ველური ყვავილებით დაფარული მინდვრების 97 პროცენტზე ახლა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია.
ახალი კვლევა უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს სცემს (როგორც ყოველთვის, კარგი მეცნიერების შემთხვევაში). მონაცემები ეფუძნება გალიებში ბინადარ მუშა ფუტკრების ჯგუფებს. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ფუტკრებზე სტრესფაქტორების (მაგალითად, პესტიციდების) ეფექტების შესასწავლად.
ამ სახის ექსპერიმენტებში, როგორც წესი, იმავე გარემო პირობებში მკვლევრებს ჰყავთ საკონტროლო ჯგუფებიც.
ნირმანმა და ფონ ენგელსდროპმა აშშ-ში 1969 წლიდან ჩატარებული ასეთი კვლევების საკონტროლო ჯგუფების ისტორიული მონაცემები გამოიყენეს. გალიების ზომა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. თანამედროვე ინკუბატორებში ჰაერის ნაკადი შეიძლება უფრო ჩქარი ან ნელი იყოს.
ასეთ დეტალებს იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ბოლო 50 წლის განმავლობაში შეცვლილმა ნებისმიერმა რამემ შეიძლება ახსნას სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
კვლევის შედეგების გამოვლენა მეცნიერებისთვის ადვილი არ იქნება. მაგრამ თუ წინა ათწლეულების ისტორიულ მონაცემებს ვიპოვით ველური მეთაფლია ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ, შესაძლებელი იქნება მათი შედარება დღევანდელ სიტუაციასთან.
ამით მეცნიერებმა შეიძლება გამორიცხონ იმის შესაძლებლობა, რომ კვლევის შედეგებზე შესაძლოა გავლენა იქონია ლაბორატორიის გარემო პირობებმა.
ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება ნიშნავს ყვავილების დამტვერვის შემცირებას. ფუტკრები და სხვა დამამტვერიანებელი მწერები გადამწყვეტია, რათა კარგი მოსავალი მივიღოთ იმ კულტურების 75 პროცენტის შემთხვევაში, რომელიც მსოფლიოში მოჰყავთ. ამას გარდა, ისინი მტვერავენ ველურ მცენარეთა 80 პროცენტსაც.
ყველა სახეობის ფუტკარი მეთაფლია ფუტკრების მსგავს გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ არ ვიცით, შეიცვალა თუ არა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ გარეული ფუტკრები ნამდვილად უფრო ცოტა ხანს ცოცხლობენ, საჭიროა გავიგოთ, რატომ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.