ბოლო 40 წელში განადგურებულია ხერხემლიან ცხოველთა 60% - WWF-ის საგანგაშო მოხსენება
ბოლო 40 წელში განადგურებულია ხერხემლიან ცხოველთა 60% - WWF-ის საგანგაშო მოხსენება

ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობის შესახებ უახლეს მოხსენებას აქვეყნებს. ამბავი სავალალოა.

1970-2014 წლებში ხერხემლიან ცხოველთა პოპულაცია 60 პროცენტით შემცირდა. უარესი მდგომარეობაა მტკნარი წყლის ცხოველებთან — მათმა ოდენობამ 83-ით დაიკლო. მიზეზები მრავალია. მათ შორის აღსანიშნავია პლასტიკის ნარჩენების მატება, გაუტყიურება (დეფორესტაცია) და ა. შ. ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო მოქმედებები.

„დროა, მსოფლიო გაერთიანდეს გადაუდებელი, ეფექტური გლობალური შეთანხმების გარშემო ბუნების გადასარჩენად, როგორც ეს უკვე მოხდა პარიზში, 2015 წელს“, — ნათქვამია WWF-ის განცხადებაში.

ცალკე საკითხია, არის თუ არა პარიზის კლიმატის შეთანხმება ეფექტიანი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად გარემოში მიმდინარე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რაღაც ნამდვილად გასაკეთებელია.

ყოველ ორ წელში, WWF მიმოიხილავს მსოფლიოს ეკოსისტემების ზოგადი სიჯანსაღის ტენდენციებს. ამის საფუძველზე ორგანიზაცია განსაზღვრავს გლობალური ეკოლოგიის მედეგობის ექვს ძირითად ინდიკატორს.

ორგანიზაცია აფასებს პოპულაციის ზომის ცვლილებას, სახეობათა ჰაბიტატის მოცულობას, გადაშენების რისკებს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა დასახლებებს პლანეტარულ საზღვრებში და გავლენას ჩვენს ეკოლოგიურ კვალში.

გარდა ამ თითოეული სფეროს შეფასებისა, მოხსენება სავსეა მრავალი სამწუხარო ამბით.

მაგალითად, იცით თუ არა, რომ ამჟამინდელი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანთა საქმიანობის გამო, 2050 წლისთვის პლანეტის ხმელეთის მხოლოდ 10 პროცენტიღა იქნება თავისუფალი?

იცით თუ არა ისიც, რომ ზღვის ფრინველთა 90 პროცენტს მუცელში პლასტიკის ნარჩენები აქვს? მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 1960 წელს სულ რაღაც 5 პროცენტი იყო.

ასეთ ციფრებზე საუბარი არც ისე სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავიხსენებთ, რამდენად ვართ დამოკიდებული ბიომრავალფეროვნებაზე, როგორც საკვების წყაროზე, ფარმაცევტულ ზემოქმედებასა და ნახშირბადის შემცირებაზე.

თუკი ამ ყველაფერს ეკონომიკაში გადავიყვანთ, დავინახავთ, რომ ბუნებრივი რესურსების სიჯანსაღის ხარჯზე, მსოფლიო ეკონომიკა წელიწადში 125$ ტრილიონს იღებს.

ველური ბუნების შოკისმომგვრელი 60 პროცენტიანი დანაკარგი მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია. ტროპიკებში ციფრები გაცილები უარესია. 1970-2014 წლებში ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ველური ბუნების დანაკარგებმა 89 პროცენტს მიაღწია.

მოხსენების ერთ-ერთი ინდიკატორი აღწერს პლანეტარულ საზღვრებს — უსაფრთხო ზონებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანებზე დამოკიდებულ კრიტიკულ პროცესთა ლიმიტებს. მათ შორის არის ოზონის ფენის მთლიანობა, ოკეანის მჟავიანობა, დამაბინძურებლების დონე და მტკნარი წყლის ოდენობა.

ამ ოთხი საზღვრიდან ოთხის წითელი ზღვარი უკვე გადავკვეთეთ. კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების მთლიანობა, ისეთი სასიცოცხლო ელემენტების დანაკარგები, როგორებიც არის აზოტი და ფოსფორი, და თავად ხმელეთის ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ბუნების მსოფლიო ფონდის „ცოცხალი პლანეტის მოხსენების“ მე-12 გამოცემა. მასზე მუშაობდა 50 ექსპერტი აკადემიური წრეებიდან, პოლიტიკიდან თუ ბუნებისდაცვითი ორგანიზაციებიდან.

მომზადებულია worldwildlife.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.