ბოკერიას კლინიკა კოვიდინფიცირებული ქალისა და ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე განმარტებას აკეთებს
ბოკერიას კლინიკის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე კოვიდინფიცირებული, 34 წლის ქალისა და მისი ახალშობილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
როგორც ვაჩაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ორსული ქალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში 19 აპრილს შეიყვანეს. როგორც ექიმი განმარტავს, ვირუსი მას 13 აპრილს ჰქონდა დადასტურებული და უმჯობესი იყო, პაციენტს კლინიკისთვის უფრო ადრე მიემართა.
ექიმის განმარტებითვე, პაციენტი მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ნაყოფზე დაკვირვების შემდეგ, 24 აპრილს საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო, თუმცა ახალშობილი დაიღუპა. ქალი კი 6 მაისს, ნაშუადღევს გარდაიცვალა.
კითხვაზე, იმართებოდა თუ არა პაციენტი კორონავირუსის დადასტურებიდან კლინიკაში მოხვედრამდე ბინაზე ოჯახის ექიმის მიერ, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამ საკითხზე კომენტარს არც ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ და აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია.