ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა 
ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა 

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ახალშობილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე, პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო „ევექსის“ სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.