„ბლუმბრგის“ ინფორმაციით, პენტაგონი ე.წ. ყალბ ამბებთან ბრძოლას იწყებს
პენტაგონი ე.წ. ყალბ ამბებთან ბრძოლას იწყებს. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, აშშ-ის თავდაცვის უწყება იწყებს პროექტის რეალიზაციას, რომლის მიზანიც არის „ფართომასშტაბიან ავტომატურად გენერირებულ საინფორმაციო შეტევებთან დაპირისპირება“.
აღნიშნულ პროექტს პენტაგონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყებს, რათა თავიდან აიცილოს საარჩევნო პროცესებზე ზეწოლისა და ჩარევის შესაძლო შემთხვევები.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის სამხედრო უწყება შეისყიდის პროგრამებს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინოს ე.წ. ყალბი ამბები, როგორც ტექსტის სახით, ისე აუდიოვიზუალურ ფორმატში.
როგორც ვარაუდობენ, სისტემა რამდენიმე წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რათა დადგინდეს მისი ეფექტურობა. გამოცდის დროს სოციალურ ქსელში 250 ათასი საინფორმაციო პუბლიკაცია და 250 ათასი პოსტი გავრცელდება, რომელთა შორისაც 5000-ზე მეტი ე.წ. ყალბი ახალი ამბავი იქნება.
პენტაგონი ასევე მუშაობს ალგორითმზე, რომელიც ამერიკელ სამხედროებს საშუალებას მისცემს ე.წ. ყალბი ახალი ამბები მანამდე გამოავლინოს, ვიდრე ისინი სოციალურ ქსელში პოპულარობას მოიპოვებენ. საუბარია ისეთი დეტექტორების შექმნაზე, რომლებიც სენამტიკურ შეუსაბამობებს გამოავლენენ.