„ბლუმბერგი“ - ტელეკომპანია Russia Today ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს
კრემლის მიერ დაფინანსებული, რუსული ტელეკომპანია Russia Today ქალაქ ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტი „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს უკავშირდება ვირჯინიის შტატში ორი ციფრული სადგურის WNVT-ისა და WNVC-ის მაუწყებლობის შეწყვეტას. სწორედ ეს სადგურები ახორციელებდნენ რამდენიმე უცხოური არხის ტრანსლირებას, მათ შორის RT-ს. სადგურების მფლობელმა სიხშირეები ერთი წლის წინ აუქციონზე გაყიდა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ტელეკომპანია ვაშინგტონში მაუწყებლობას 1-ელი აპრილიდან შეწყვეტს.
როგორც RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ ანა ბელკინამ „ბლუმბერგს“ განუცხადა, ტელეკომპანია აშშ-ის დედაქალაქში და მის ფარგლებს გარეთ პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს.
მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კი აღნიშნა, რომ სამაუწყებლო ქსელებისადმი წვდომის უქონლობის მიუხედავად, არხი ვაშინგტონში სხვა პლატფორმებზე გააგრძელებს მუშაობას.