„ბლუმბერგი“ - საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ადგილია
„ბლუმბერგი“ - საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ადგილია

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „როგორ შეძლო საქართველომ, დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ.

„საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, ორ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და, 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი. ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით“, – წერს „ბლუმბერგი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისთვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნესცენტრად“, – წერს „ბლუმბერგი“.

„ბლუმბერგის“ სტატიის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.