ბიზნესსექტორის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესდავებზე მსჯელობენ
ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა – ამ თემაზე ბიზნესსექტორის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივ კონფერენციაზე მსჯელობენ.
შეხვედრის მთავარი საკითხი ბიზნესდავებია. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი საუბრობენ, რომ სასამართლოში ხშირია პროცესების გაჭიანურება.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ხშირია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და მათ სურთ სასამართლო ხელისუფლებას გააცნონ პრობლემები, რომელიც ბიზნესდავების დროს ხდება.
“ხანდახან ზოგი საქმე ჭიანურდება წელიწადნახევარი, რაც ბიზნესისთვის ძალიან დამაზიანებელია, ასევე საინტერესო საკითხია მოსამართლეების გადამზადება, ჩვენ გვყავს კვალიფიციური მოსამართლეები თუმცა არის საკითხები რასაც გაცილებით უფრო მეტად მომზადება და განხილვა სჭირდება. დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი ტრიბუნაა, რომ ბიზნეს სექტორმა დააყენოს ესეთი საკითხები”, – აცხადებს ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ჭუმბურიძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მზია თოდუას განცხადებით, მათ იციან იმ ხარვეზების შესახებ, რაზეც ბიზნესდავების საკითხზე საუბრობენ.
“პრობლემების იდენტიფიცირებას გავაკეთებთ და შემდეგ დავსახავთ ამოცანებს, ასეთი დავების განმხილველი მოსამართლეები იქნება სპეციალურად მომზადებული ბიზნესსამართლის საკითხებში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ერთი და იგივე ტიპის დავებზე განახორციელონ მართლმსაჯულება და შესაძლებელია, რაც უკავშირდება განხილვის ვადების პრობლემას ეს აღმოფხვრის. განხილვის ვადები დაჩქარდა სპეციალიზებული მოსამართლეების პალატის ამოქმედების შემდეგ”, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა.