ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით შრომის კოდექსის განხილვა გაიმართა
ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით შრომის კოდექსის განხილვა გაიმართა

ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით შრომის კოდექსის განხილვა გაიმართა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, დისკუსიების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულის პოზიციების დაახლოება, რათა შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი შეიმუშაოს.

მისივე თქმით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი შრომითი უფლებების დაზუსტებული სტანდარტის დადგენას, სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების დროის, ასევე სტაჟირების უფლებების რეგულირებას მოიცავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც უკვე პარლამენტში წარდგენილი იქნება, იყოს მეტ-ნაკლებად მხარეებს მიერ მხარდაჭერილი, რათა ამ კანონს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ძნელია ვთქვა, რომ შეთანხმება არის მიღწეული. ვფიქრობ, მაქსიმალურად მივეცით ყველა მხარეს საშუალება, გამოეთქვათ თავიანთი აზრი. მოვისმინეთ სხვადასხვა მხარის პოზიციები და ვფიქრობ, კონსტრუქციულად მივდივართ წინ. ვნახოთ, საბოლოოდ რა შეთანხმებები შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია, რომ გარკვეულ საკითხებში ვერც მოხდეს შეთანხმებები, ესეც მოსალოდნელია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამასთან, როგორც ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, თუ ცვლილებები ამ ფორმით ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ბიზნესის ხარჯების გაზრდას, რამაც შესაძლოა, სამუშაო ადგილების შემცირება განაპირობოს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული შენიშვნა. ეს უკავშირდება სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური დროის ნორმირებას, შრომის ხელშეკრულების ვადებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ეს ცვლის და სხვა მხრივ აყალიბებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებს. მივიჩნევთ, რომ ეს იქნება მძიმე ტვირთი ბიზნესისთვის. თუ ცვლილებები აღნიშნული ფორმით ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ზოგადად ბიზნესისთვის ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირებაც და გარკვეული შრომითი ურთიერთობების ჩრდილოვან სექტორში გადატანა. მსგავსი ტიპის რისკისგან თავი რომ დავიზღვიოთ, მნიშვნელოვანია გაკეთდეს რეგულირების შეფასების გავლენა, რომელიც ზუსტად დაგვანახებს რისკს და იმ ნაწილსაც, სადაც გასაუმჯობესებელი გვაქვს შრომითი ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.