ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ საშა ტერნესმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმის გაფორმების მიზანია მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ასოციაციის წევრი კომპანიების ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა.
მემორანდუმი წარმოადგენს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმს ბიზნეს საქმიანობის პროცესში გაერთიანების წევრი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით.
„დღეს ბიზნესომბუდსმენის ოფისსა და გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის საფუძველი ჩაეყარა ურთიერთობების ახალ ეტაპს. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ პერიოდულობით გვექნება შეხვედრები, რომლის დროსაც იდენტიფიცირდება ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც გაერთიანების წევრ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოების პროცესში აწუხებთ. მსგავსი თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში. “- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.