ბიზნესომბუდსმენი - სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს
ბიზნესომბუდსმენი - სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი საპარლამენტო კომიტეტებში შესაბამის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობის მომხრეა.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აპარატი აქტიურად არის ჩართული სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და კომუნიკაცია აქვს პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან. კანონპროექტის შემუშავებამდე გაიმართა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა. ამასთან, შედგა შეხვედრები როგორც გაფართოებულ ფორმატში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებთან  ასევე, სარეკლამო და მედია სექტორებთან, მათ შორის კონკრეტულ კომპანიებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით  კერძო სექტორის პოზიცია და წუხილები ცნობილია.

ბიზნესომბუდსმენი იზიარებს კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ „რეკლამის შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილებების პროექტი,  რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.

ბიზმესომბუდსმენის შეფასებით, პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებები კარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში; ამასთან, ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს  როგორც სარეკლამო კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს,  რადგან რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელთა ასეთ მცირე ვადაში  შეწყვეტაც  მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული; კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე შეფერხებებს შექმნის რეგულაციის  პრაქტიკაში განხორციელების პროცესში.

ამასთან, ბიზმესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ბიზნესომბუდსმენის აპარატს მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოს  პარლამენტის კომიტეტებში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობა და განხილვები დარგის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.