ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რის შემდეგაც ბიზნესომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარუდგინა.
ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან აქტიურ კომუნიკაციაში, ამასთან ითქვა, რომ საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„მნიშვნელოვანია, არსებობდეს სანქციების ისეთი ტიპი და რეგულაციები, რომელიც ადეკვატური და გონივრული იქნება ბიზნესისათვის. ბუნებრივია, ბიზნესს მიეცემა დრო იმ მოთხოვნებთან ადაპტირებისთვის, რომელიც იქნება გაწერილი შესაბამისი რეგლამენტით. მხოლოდ მაღალი ჯარიმები ბუნებრივია არ არის გამოსავალი, საჭიროა ისეთი მექანიზმების შემოღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე მხარისათვის.
ერთი მხრივ, ბიზნეს ექნება დრო, საშუალება და მოტივაცია, განახორციელოს ყველა ეს ღონისძიება, რომელიც აამაღლებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებას და მეორე მხრივ, ბუნებრივია, ეს სანქციები არ უნდა იყოს თვითმიზანი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ბიზნესგარემო პოზიტიურად შეაფასეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.