„ბიუროვერიტასი“ - მივედით დასკვნამდე, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი სისტემურ გაუმართაობასა და მექანიკურ ხარვეზს არ უკავშირდება
სამდღიანი ინსპექტირებისა და მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ საძელეზე მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობასა და მექანიკურ ხარვეზს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად გამართული იყო, – ამის შესახებ კომპანია „ბიუროვერიტასის“ წარმომადგენელმა უგურ კარამანმა განაცხადა. გუდაურის საბაგიროს ექსპერტიზაზე სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ ჩაატარა.
მისი თქმით, ინციდენტი ოპერატორის შეცდომამ გამოიწვია.
„ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, ყველა დაშავებული მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა უგურ კარამანმა.
„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა მოკვლევის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.