რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ NASA-სთვის შეთავაზებულმა ბიუჯეტმა შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს სააგენტოს სამომავლო პროექტებს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური შეიძლება ფუქნციონირების ბოლო შვიდ წელს ითვლიდეს; დიდი ალბათობით, 2020-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, მისი დაფინანსება აღარ გაიზრდება. ამჯერად, საკეპ დაფაზე NASA-ს კიდევ ერთი სხვა ინიციატივა მოხვდა.
დამტკიცების შემთხვევაში, ახალი ბიუჯეტი დაფინანსებას აღარ გამოუყოფს Wide-Field Infrared Survey Telescope (WFIRST)-ს — პროექტს, რომელსაც აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიამ 2010 წელს მაღალი პრიორიტეტი მიანიჭა.
ტელესკოპის გაშვება მომდევნო ათწლეულში იგეგმებოდა. მისი მიზანი იყო დახმარებოდა ასტრონომებს სამყაროს გაფართოებისა და ბნელი ენერგიის საუდუმლოების ამოხსნაში.
New York Times-ის ცნობით, NASA-ს ხელმძღვანელის, რობერტ ლაითფუტის შეფასებით, „ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“.
მან ხაზი გაუსვა ტელესკოპისათვის საჭირო დაფინანსების გადანაწილების აუცილებლობას კვლევის სხვა დარგებში. პროექტის ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
WFIRST-ისთვის დაფინანსების გაუქმება, ასტრონომებმა სასტიკად გააკრიტიკეს. ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, NASA-ს ბიუჯეტის შემცირება „აშშ-ის ასტრონომიას დაასახიჩრებს“.
„ბიუროკრატიაში ჩამხრჩვალმა ერთმა მუჭა ადამიანებმა ერთ დღეში დაამხეს პროცესები, რომლებსაც ჩვენმა საზოგადოებამ ათწლეულები მიუძღვნა და ცდილობენ, თავად დაუწესონ მიმართულებები ასტრონომიას“, — უთხრა New York Times-ს აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის კვლევათა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე დევიდ სპერჯელმა.
ბნელი ენერგია კოსმოსური ძალაა, რომელიც სამყაროს 68 პროცენტს იკავებს. მისი უკეთესი შესწავლა ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს მეცნიერებაზე და გავიგებთ იმასაც, როგორ და რატომ ფართოვდება სამყარო.
მეცნიერებს სურთ ღრმად ჩავიდნენ მის ხლართებში, მაგრამ ამისათვის ესაჭიროებათ უკეთესი ხელსაწყოები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო ტელესკოპი WFIRST-ი.
WFIRST-ის გაშვება წარსულში ერთხელ უკვე გადაიდო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამო, რომელიც სწორედ მისი ბიუჯეტის ხარჯზე აიგო.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ WFIRST-ი გეგმის მიხედვით ვერ გაეშვებოდა, NASA-მ შეიძინა კოსმოსურ ხომალდ Euclid-ის წილი. ეს გახლავთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია ბნელი ენერგიის შესასწავლად.
მაგრამ Euclid-ის მისია ისე მრავალმხრივი არაა, როგორც WFIRST-ი უნდა ყოფილიყო. ბნელი ენერგიის მონაცემების მხრივ, NASA სხვა სააგენტოზე დამოკიდებული ხდება.
NASA-ს საკუთარი მისიის გარეშე, მნიშვნელოვნად დაზარალდება აშშ-ის მიერ ბნელი ენერგიის კვლევა.
მეცნიერები თვლიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, NASA-მ მთელი ყურადღება მთვარეზე ადამიანთა გაგზავნისკენ გადაიტანოს. მაგრამ სამწუხაროდ, ახლა უკვე ნათელი ხდება, რომ მსგავსი პოპულისტური, ყურადღების მიმპყრობი პროექტები განხორციელდება სხვა უფრო მნიშვნელოვან კვლევათა ხარჯზე.
რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ კონგრესი NASA-ს ბიუჯეტს ამ სახით დაამტკიცებს.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით