ბიტკოინის შემქმნელი შესაძლოა, კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი ელონ მასკი იყოს
ციფრული ვალუტის, ბიტკოინის შემქმნელი შესაძლოა, კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი ელონ მასკი იყოს. ამ მოსაზრებას SpaceX-ის ყოფილი თანამშრომელი საჰილ გუფთა გამოთქვამს და არგუმენტად რამდენიმე ფაქტორი მოჰყავს.
საჰილის განცხადებით, ბიტკოინი გამოიგონა ადამიანმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს პროგრამირების ენას. გარდა ამისა, ელონს მასკს არაერთხელ გამოუმჟღავნებია კრიპტოგრაფიისა და ეკონომიკის სფეროში ცოდნა. ბიტკოინი როგორც ტრადიციული საბანკო სისტემის ალტერნატივა, სამყაროს 2008 წელს მოევლინა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. ელონ მასკი კი, მისი ყოფილი თანამშრომლის შეფასებით, გლობალური პრობლემების გადაჭრისკენ მიისწრაფვის.
ბიტკოინის შემქმნელად ოფიციალურ წყაროებში სატოში ნაკამოტო სახელდება. თუმცა, უცნობია, კონრეტულად ვინ დგას ამ სახელის უკან, ერთი თუ რამდენიმე პიროვნება. ცნობილია, რომ მის ანგარიშზე 8 მილიარდი დოლარის ოდენობით კრიპტოვალუტა ინახება.
საჰილი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატოში ნაკამოტო რეალურად ელონ მასკია, ლოგიკური ჯაჭვი იკვრება. კომპანია SpaceX -ის დამაარსებლის ქონება დღეს 19 მილიარდ დოლარს შეადგენს და კრიპტოვალუტის ხარჯვის აუცილებლობა არ აქვს.
ამ თეორიის მოწინააღმდეგეები საჰილ გუფთას არ ეთანხმებიან და იხსენებენ ფაქტებს, როდესაც ელონ მასკი 2008 წელს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელ წლად ასახელებდა. ამას გარდა, ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ელონ მასკის პიროვნების მიმართ დიდი ინტერესის გამო, მისი თითოეული ქმედება „მიკროსკოპულად“ შეისწავლება და ისეთი მასშტაბის მოვლენის დაფარვას, როგორიც ბიტკოინია, ვერ შეძლებდა.