ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების თემაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციამ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებზე იმსჯელეს.
მონაწილეებმა ამ სექტორის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ერთმანეთს გამოწვევების გადაჭრის გზები და გამოცდილება გაუზიარეს, რაც კონფერენციის ფარგლებში მიღებული ერთიანი ანალიტიკური დოკუმენტის რეკომენდაციებში აისახა.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, საკითხზე მსჯელობის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობა მათი შექმნისა და განვითარების პროცესში.
საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის სასწავლო ტრენინგები, ვიზიტები და სასწავლო ტურებიც განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა 160 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და ფერმერთა საინიციატივო ჯგუფის 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
„საქართველოს უფრო მეტი გამოცდილება და მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან კოოპერაციის სისტემის განვითარებაში, ეს გამოიხატება, როგორც საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, ისე – საგადასახადო სისტემაში, გარკვეულ სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კოოპერატივების ხელშეწყობას. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში ეს ამ დონეზე არაა წარმოდგენილი. გადავდივართ სხვა ეტაპზე, მეტი რესურსის კონსოლიდირება ხდება კოოპერატივებში და თუ აქამდე კოოპერატივებში წევრთა რაოდენობა 10-ს შეადგენდა, ახლა მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. ხდება გამოცდილების შეჯამება და სამომავლო გზების დასახვა, რომლის ირგვლივაც სამივე ქვეყანაში არსებულ მოსაზრებებს შევაჯამებთ და იმედი მაქვს, დღეს წარმოდგენილი წინადადებები საქმიანობაში დაინერგება”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ.