სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამაში მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამაში მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება

მთავრობის სხდომაზე დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგი პროგრამა განიხილეს, რომელიც მევენახეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს.

„ჩვენ გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ მასში, რათა მაღალმთიან რეგიონებში და ისეთ დასახლებებში, სადაც არც თუ ისე განვითარებულია მევენახეობა, შევქმნათ სტიმული, ჩამოყალიბდეს მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები და გადაამუშაონ თავიანთი მოყვანილი პროდუქცია, ყურძენი და აწარმოონ, მაღალი ხარისხის ღვინოები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნულის საჭიროება რეგიონებში ვიზიტისას, შეხვედრების დროს გამოიკვეთა.

„განსაკუთრებით აქტიურად ისმოდა მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში, სადაც სამწუხაროდ, დღეს ჩამორჩენა გვაქვს. დავუშვათ კახეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის იყო ტრადიციები ღვინის წარმოების იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში და ა.შ. ვფიქრობთ, მეტ ბენეფიციარს ჩავრთავთ ამ პროგრამაში“, – განაცხადა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.