აშშ და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გაუხსნას გზა უკრაინას ნატო-სკენ.
„ბილდი“ იმოწმებს ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციას, რომ გერმანია ემზადება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნის დასაბლოკად.
როგორც მედია წერს, ქვეყანამ ოფიციალურად უნდა სთხოვოს ნატო-ს, შეუძლია თუ არა მას გაწევრიანება, ვიდრე პროცესი დაიწყება.
„ბილდის“ ინფორმაციით, სწორედ ამისთვის ემზადება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე.
„სწორედ ამ ოფიციალური თხოვნის აღკვეთა სურს ნატო-ს ზოგიერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, გერმანიას და აშშ-ს. სამწუხაროდ, ისინი აქ ერთად იყრიან თავს. ბერლინს და ვაშინგტონს სურდათ საბოლოო განცხადება, რომელიც არ სცდება 2008 წელს ბუქარესტში გაკეთებულ განცხადებას“, – წერს „ბილდი“.