ბიძინა ივანიშვილი - ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ
ბიძინა ივანიშვილი - ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ

ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა, თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც ქვევრი ღვინისგან, ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია.

„მოგესალმებით, ყველას – ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს! შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ. მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით. დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა. რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?! ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით. საქართველო – ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. საქართველო ხომ ღვინის და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა ცივილიზაციამ, საბერძნეთმა – “გეორგია”, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან. ჩვენში „ლეკვი ლომისა“ მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ მიწაზე, „კოლხეთის აკადემიის“ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.

„შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა სამწუხაროდ მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება. და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი – „სიტყვის კონით“ კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში. მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება. სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება.სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად! ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში. ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც – ქვევრი ღვინისგან, – ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.