„ბიბისის“ ინფორმაციით, მინსკში აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიებს იყენებენ
„ბიბისის“ ინფორმაციით, მინსკში აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიებს იყენებენ

მინსკში აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიებს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო, „ნაშა ნივას“ ჟურნალისტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მინსკში საპროტესტო აქციები განახლდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტებმა გადაკეტეს კალვარიის ქუჩა. გაისმა ხმოვანი ყუმბარის აფეთქების ხმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მინსკში აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავეს. სამინისტროს პრესსამსახური დაკავებულების რაოდენობას არ ასახელებს. „ბიბისი“ ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შინაგანი ჯარის დანაყოფები.

ბელარუსში ვითარება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ცესკო-ს მონაცემებით, გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და ხმების გადათვლას ან განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გუშინ მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში აქციები გაიმართა, რა დროსაც 3000 ადამიანი დააკავეს. 100-ზე მეტი დაშავდა.