„ბიბისის“ ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა
„ბიბისის“ ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დაშავებულებს შორის არის რვა წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ეს ტერიტორია დაბომბეს. მათი სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი იყო. შედეგად, ბაჰა აბუ ალ-ატა დაიღუპა. მასთან ერთად მოკლულია ალ-ატას მეუღლე. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

პარალელურად ისრაელმა იერიში მიიტანა ასევე სირიის ტერიტორიაზე. კერძოდ, დამასკოში მდებარე სახლზე, სადაც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი ლიდერი იმყოფებოდა. თუმცა, ამ იერიშს დაჯგუფების მეთაური უვნებელი გადაურჩა.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ისლამური ჯიჰადის“ ლიკვიდირებული მეთაური ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი განეიტრალება აუცილებელი იყო.

ამასთან ერთად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი სიტუაციის ესკალაციით არ არის დაინტერესებული, თუმცა ქვეყნის დასაცავად ყველა ზომას მიმართავს. „წინასწარ გაფრთხილებთ, ამას დასჭირდება დრო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.