„ბიბისის“ ჟურნალისტის მიერ ისრაელში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ „ჰამასის“ წარმომადგენელმა ინტერვიუ შეწყვიტა
„ჰამასის“ წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუ შეწყვიტა, როდესაც კორესპონდენტმა მას ისრაელში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ დაუსვა კითხვა.
„თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო სამხედრო ოპერაცია, თუმცა ასობით მოქალაქე იქნა მოკლული“, – აღნიშნა ჟურნალისტმა დაჯგუფების წარმომადგენელთან, ღაზი ჰამადთან ინტერვიუს დროს.
„ჰამასის“ წარმომადგენლის მტკიცებით, არ ყოფილა არანაირი ბრძანება მოქალაქეების დახოცვასთან დაკავშირებით.
„რაიონი ძალიან ფართოა და იქ ბევრი ადამიანია, იყო შეტაკებები და დაპირისპირება“, – განაცხადა ჰამადმა.
„ეს არ არის დაპირისპირება. თქვენ შეიჭერით სახლებში“, – აღნიშნა „ბიბისი“ ჟურნალისტმა.
„მე არ ვიცი დეტალურად, რა მოხდა შიგნით, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ არ გვქონია მოქალაქეების დახოცვის რამე განზრახვა ან გადაწყვეტილება“, – უპასუხა მას „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
„როგორ ამართლებთ მძინარე ადამიანების დახოცვას? ოჯახების? როგორ ამართლებთ ასობით ადამიანის მკვლელობას?“ – მიმართა „ბიბისის“ კორესპონდენტმა რესპოდენტს, რის შემდეგაც ღაზი ჰამადმა მიკროფონი მოიხსნა და თქვა, რომ მას ინტერვიუს შეწყვეტა სურდა.
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის დროს დაახლოებით 1 400 ადამიანი მოკლეს, მათგან 260 მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.