იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონის პარტიამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში საშობაო სპექტაკლებისა და სიმბოლიკის აკრძალვისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს
„ბიბისის“ ცნობით, იტალიის მთავრობას სურს, დასაჯოს სკოლები, რომლებიც საშობაო სპექტაკლებს და სიმბოლიკას აუქმებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, ქრისტიანული პრაქტიკის შეწყვეტა მულტიკულტურალიზმის საბაბით, ეროვნულ იდენტობაზე თავდასხმას წარმოადგენს.
მელონის პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს იმ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და პედაგოგების წინააღმდეგ, რომლებიც მშობლებისა და მოწაფეები თხოვნის მიუხედავად, მაინც კრძალავენ საშობაო ინსტალაციებს. ჯარიმები ასევე გათვალისწინებული იმ სკოლების დირექტორთა წინააღმდეგ, რომლებიც საშობაო დღესასწაულებს და სპექტაკლებს აუქმებენ.
კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ ის მიმართულია იტალიის „კულტურული ფესვების“ დასაცავად.
„უკვე რამდენიმე წელია, ვადევნებთ თვალს ზოგიერთი სკოლის მხრიდან მიუღებელ და სამარცხვინო გადაწყვეტილებებს, რომლებიც კრძალავენ საშობაო სცენებს ან ცვლიან შობის სიღრმისეულ გაგებას, აქცევენ მათ „ზამთრის დღესასწაულებად“ და ამას აკეთებენ იმ საბაბით, რომ სხვა რელიგიების წარმომადგენლების გრძნობები არ შეურაცხყონ“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ლავინია მენუნიმ.
იტალიის მმართველი პარტიის კანონპროექტი მემარცხენე პარტიებმა და სკოლის პროფკავშირებმა მწვავედ გააკრიტიკეს.
მემარცხენე პარტია „პლუს ევროპის“ მდივანმა, რიკარდო მაგიმ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა შეურაცხმყოფელია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის და ასევე არაკონსტიტუციურია, რადგანაც ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლებას.